სტიქიით დაზარალებულ ზონაში ე.წ. მოძრავი მაღაზიები განთავდება

ონის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრუყლებლის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ ზონაში ე.წ. მოძრავი მაღაზიები განთავდება, სადაც მოსახლეობა სასურველ პროდუქტებს შეიძენს.

„რიგ სოფლებში, ვერტმფრენის გარეშე ბაგირის მეშვეობით ხდებოდა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება სოფლებისთვის ე.წ. მოძრავი მაღაზიის გაგზავნის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს არის სტანდარტული პაკეტი და მოსახლეობას სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს. შესაბამისი გამოცდილება კოვიდ-19-ის დროს გვქონდა. ამიტომ, ე.წ. მოძრავი მაღაზიებით დავტვირთავთ ვერტმფრენს, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება, იქ რამდენიმე საათი გაჩერდება და შემდეგ ვერტმფრენითვე დავაბრუნებთ უკან. მოსახლეობას საშუალება ექნება, საჭიროებისამებრ შეიძინოს მედიკამენტი თუ პროდუქტები. ე.წ. მოძრავი მაღაზიები ამისთვის მზადა, ველოდებით ფრენების განახლებას“, – თქვა ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, სტიქიის ზონიდან 500-ამდე მოქალაქეა გამოყვანილი.

„გუშინ, შუადღიდან უამინდობა იყო, რის გამოც სამწუხაროდ, ვერტმფერენებით გადაადგილება შეჩერებული იყო. თუმცა, მანამდე ინტენსიურად გრძელდებოდა მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და სურსათის მიწოდება. სტიქიის ზონაში თითქმის 700-მდე კალათა არის გაგზავნილი, ასევე გადმოყვანილია თითქმის 500-მდე მოქალაქე. ასევე, გუშინ ექიმები გადაიყვანეს იმ მიმართულებაზე, რომლებიც მოწყვეტილია გარესამყაროს, ეს არის სოფელი ჭიორა და სოფელი გლოლა. ახლა უკვე ადგილზე ექიმები იქნებიან და მოქალაქეებს მოემსახურებიან. პატარა და დიდ ღებს შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ასევე აღდგენილია ხიდი, და შესაბამისად, სამი სოფელი ჭიორა, ღები და პატარა ღები ერთმანეთთან უკვე დაკავშირებულია“, – ამბობს ჩიკვაიძე.

გარდა ამისა, ონის მერის ინფორმაციით ელექტროენრგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, მანამდე კი სოფლის მოსალხეობას დენი გრაფიკით მიეწოდება.

„რაც შეეხება მაღალმთიან სოფლებს, როგორიცაა ჭიორა, ღები, გლოლა და კურორტი შოვი, აქ სამწუხაროდ, ელექტროენერგია არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გუშინ ვერტმფრენებით გენერატორი გავგზავნეთ, რომ დროებით, რამდენიმე საათიანი გრაფიკით მაინც ჰქონდეს მოსახლეობას დენი. გარკვეულ გრაფიკზე ალბათ გადავალთ, მაგრამ ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ არის. ალბათ, დღეს ან ხვალ ჩაირთვება“, – აღნიშნა ჩიკვაიძემ.

რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად რაჭაში 12 სოფელი გაესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი იყო. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზები, წაღებულია 10-ამდე ხიდი.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *