ონის 7 სოფელს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 სოფლიდან ამ დროისთვის გარესაყაროსგან სრულიად მოწყვეტილი 5 სოფელია დარჩენილი. 7 სოფელთან მისასვლელი შემოვლითი გზა უკვე აღდგენილია.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, შედგენილია ვერტმფრენების გრაფიკი. ორშაბათამდე განსაზღვრულია კონკრეტული საათები და იმ ხუთ დასახლებაში ვერტმფრენით რეისები შესრულდება. ხოლო ვინც სტიქიის ზონიდან გამოსვლის სურვილს გამოთქვამს, ვერტმფრენით წამოიყვანენ.

რაც შეეხება ელექტრო და წყალმომარაგებას, ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება და ძირითადი მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სტიქიის ზონიდან გვაცნობეს, ონის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება.

„წყალმომარაგება ფაქტობრივად აღდგენილია, რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, 7 სოფლეში არაა შუქი, არც იციან როდის აღდგება. სამუშაოები ისევ მიმდინარეობს“, – გვაცნობეს ონიდან.

ადგილობრივი მცხოვრები გლოლადან გვეუბნება, რომ სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

„წყალი არის, ელექტოენერგია არაამბიობენ ხვალ მოვა შუქიო, გზა როდის აღდგება არაფერი ვიცით“, – ამბობს გლოლას მცხოვრები.

მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე უკვე გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამ ადგილას, ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 4 სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდეგენას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. ეს სოფლებია: ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *