რაჭაში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები დილიდან განახლდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლების მიმართულებით სპეციალურ რეისებს ასრულებენ. გუშინ, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის სრულიად გამოყვანა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის, რეგიონში ვითარება უსაფრთხოა.

რეგიონულ საკითხებში პრეიმიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის თქმით, ევაკუირებული მოსახლეობის დაჯგუფება და ტრანსპორტირება ხდება.

“დაჯგუფება ხდება, ვინ თბილისში მიდის და ვინ ქუთაისში. ზოგს საკუთარი მანქანა ელოდება, ვისაც არ ელოდება, მის ტრანსპორტირებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ”, – ამბობს სუბარი.

მისივე ინფორმაცით, გზების აღდგენას მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება. სტიქიის შედეგად 5 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ერთი კი – დაინგრა.

გუშინ დღის განმავლობაში 4 ვერტმფრენის მეშვეობით 7 რეისი შესრულდა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 150-მდე ადამიანი, მათ შორის, 21 არასრულწლოვნი.

ძლიერი წვიმის შედეგად ონი მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დანგრეულია ცენტრალური საავტომიბილო გზა და 10-ამდე ხიდი. ნაკიეთი და რამდენიმე სოფელი დატბორილია. მოსახლეობას ელექტრო და წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ. როგორც შესაბამის სამსახურებში ამბობენ, ამ საკითხზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *