ონის მუმიციპალიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა

კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ადგილობრივ ბიზნესზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს საოჯახო ტიპის სასტუმროები და ტურიზმი წარმოადგენს. მოსახლეობისთვის კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და მცირე მეწარმეების განვითარების მიზნით, 28 ივლისს ონის მერიაში გაეროს განვითარების პროგრამასა და ონის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო შეთანხმებას მოეწერა ხელი. პროექტი ოთხი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება, მოეწყობა ტურისტული ადგილი ონის შემოსასვლელთან, ასევე გაკეთდება პავილიონები, სადაც მცირე მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ნაწარმის გაყიდვა, გარდა ამისა გადამზადდებიან ადგილობრივი ტურისტული გიდები. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულების დავით ჩიკვაიძის განცხადებით, პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. „დაახლოებით თვე ნახევრის წინ დავიწყეთ ამ კონკრეტულ პროექტზე მუშაობა. პროექტი გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით დახმარებას. კერძოდ, ოთხი მიმართულება დაფინანსდება. იგეგმება ტურისტული ადგილის მოწყობა, ონის შემოსასვლელის განათება, ასევე, საზაფხულო პავლიონების გაკეთება, სადაც მცირე მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ნაწარმის გაყიდვა. გადამზადდებიან გიდები როგორც ინგლისურ ენაში, ისე რეგიონის კულტურასა და ისტორიაში. ესაა ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა. ”

პროექტი „COVID-19 პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე მცირე მეწარმეობის განვითარების გზით“, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ჩართულობით ხორციელდება. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური ხელმძღვანელი ბექა თაგაური.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *