სტიქია ონის მუნიციპალიტეტში

რაჭაში, სტიქიის ზონაში, დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის უსაფრთხო ადგილას გადაყვანის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სტიქიას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჯამში სტიქიის ზონაში ჩარჩენილია 2000-ამდე დამსვენებელი და ადგილობრივი მოსახლე. 400-ამდე აბონენტს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამ დროისთვის რაჭაში მშვიდი ამინდია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა “რაჭანიუსთან” საუბრისას ამბობს, მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.

“ამჟამად მშვიდი ამინდია, არანაირი საფრთხე აღარ არის, დისკომფორტი არის ის, რომ შუქი არ გვაქვს და გარესამყაროსგან ვართ მოწყვეტილები. როგორც გვითხრეს ელექტრომომარაგება ხვალიდან აღდგება, გზების არაფერი ვიცით” – თქვა სოფელ ჭიორას მცხოვრებმა.

ადგილზე იმყოფებიან: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალი განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და ირაკლი ქარსელაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი – გოგა მანდარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.
მათი თქმით, სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობას მედიკამენტები ესაჭიროება რასაც უზრუნველჰყოფენ. ასევე, როგორც სუბარი ამბობს, ამ ეტაპზე რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი.

ძლიერი წვიმის შედეგად რაჭაში მდინარე რიონი ადიდდა, რის გამიც 12 სოფელი გარესამყაროსგანაა მოწყვეტილი. მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგია, შეწყვეტილია წყალმომარაგებაც.

სტიქიამ დააზიანა საავტომობილი გზა, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, წაიღო 10-ამდე ხიდი, ონიდან შოვის მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა შოდასასოფლო გზები, ასევე ელექტროგადამცემი ბოძები.

Author: მარიამ ნებულიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *