სწავლა სკოლის ნაცვლად სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში

სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სკოლის ნაცვლად ადმინისტრაციის შენობაში შეხვდნენ. საქმე იმაშია, რომ ღების სკოლაში რემონტი ზაფხულში დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ახალ გარემონტებული სოფლის ადმინისტრაციის შენობის გამოყენება, რომელშიც გეგმის თანახმად მერის წარმომადგენელი და ამბულატორია უნდა განთავსებულიყო, თუმცა არაგეგმიურად და ჯერ კიდევ გაურკვეველი დროით – სკოლა.

სასწავლო პროცესი სკოლის 40-მდე მოსწავლეს ვიცე-მერმაც მიულოცა. ეკა მაისურაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ განათლების სამინისტროში ყველა ინფორმირებულია. რაც შეეხება, მერის რწმუნებულს, როგორც ვიცე-მერმა გვითხრა, ის მანამდეც სახლიდან მუშაობდა და ახლაც დროებით ასე გააგრძელებს. ამბულატორიაც ასევე, დროებით ძველ შენობაში დარჩება.

მისივე თქმით, სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავუკავშირდით.

თეიმურაზ გრძელიშვილი გვიხსნის, რომ ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები 24 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისივე თქმით, ჯერ კომპანიამ მხოლოდ 50-55% შეასრულა. ონის მერიაში ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება რთული რელიეფი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რამაც მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეაფერხა. ვადების დარღვევის გამო მერიაში კომპანიის დაჯარიმებას გეგმავენ. რაც შეეხება ინფორმაციას, კომპანიის მხრიდან დასაქმებულების წინაშე არსებული დავალიანების შესახებ, მერიაში გვეუბნებიან, რომ ამის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა მხარეებს შორის მხოლოდ მედიატორის როლის შესრულება შეუძლიათ.

დავალიანება ღების სკოლის პროექტზე დასაქმებულთა წინაშე

ჩვენ რედაქციას დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია მუშების წინაშე კომპანიის მხრიდან არსებული დავალიანების შესახებ. მან ასევე გვითხრა, რომ თუკი დავალიანება დროულად არ დაიფარება დასაქმებულები გაიფიცებიან.

როგორც უკვე დავწერეთ, მერიაში აღნიშნულის შესახებ იციან და მას „სამწუხარო ფაქტს“ უწოდებენ, თუმცა დავალიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს საკუთრივ კომპანია „ბილდ მენეჯმენტის“ წარმომადგენელი ჯანო რიჟვაძე. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ის ამბობს, რომ ამ წუთისთვის კომპანიას უკვე შესრულებული სამუშაოებისთვის დასაქმებულთა წინაშე არავითარი დავალიანება არ აქვს.  მისივე ინფორმაციით, ობიექტზე დაახლობით 25 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და არცერთი მათგანის წინაშე დავალიანების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

რაც შეეხება დარღვეულ ვადებს, კომპანია „ბილდ მენეჯმეტში“ მზად არიან ჯარიმის გადასახდელად, ხოლო დასრულებული ობიექტის ჩაბარებას 5 ოქტომბრისთვის გეგმავენ.

სამასწავლებლო ფოიეში

სკოლის რეაბილიტაციის დაუსრულებლობის გამო, ადმინისტრაციის შენობაში შექმნილი პირობების შესახებ ჩვენ სკოლის დირექტორს ვკითხეთ. ნუნუ ლობჟანიძის თქმით, სივრცის სიმცირის გამო საგაკვეთილო პროცესი ორ ცვლად მიმდინარეობს, ბავშვები მოწესრიგებულ გარემონტებულ კლასებში სხედან, თუმცა თავად ფოიეში უწევთ მუშაობა. მაგრამ ამით დისკომფორტი არ ექმნებათ, პირიქით „მშვენიერი ფართია და კარგად გრძნობენ თავს“.

შპს ბილდ მენეჯმენტი

კომპანია ოფიციალურად დარეგისტრირდა 2013 წლის 10 მაისს. ონის მუნიციპალიტეტის მერიის მერიის მიერ გამოცხადებულ აღნიშნულ ტენდერში მან სამი პრეტედენტი დაამარცხა და სამუშაოების განხორციელების უფლება ყველაზე დაბალ ფასად, 254`555 ლარად მოიპოვა.

 

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *