ავსტრიული არქიტექტურის გავლენები რაჭაში

ავსტრიელმა და ქართველმა ხელოვანებმა რაჭაში, შოვის-საველე რეზიდენციაში, ავსტრიული არქიტექტურის გავლენის შესწავლა დაიწყეს. „ლანდშაპტი, დრო, მეხსიერება“ – პროექტის ფარგლებში, სპეციალისტები ადგილზე შემორჩენილი ხის ვილების უნიკალური არქიტექტურული კომპონენტების ვიზუალურ მსგავსებას იკვლევენ. ავსტრიული არქიტექტურის გავლენა და რაჭველი ხის ხელოსნების ხელით აშენებული ვილები კავკასიონის ფონზე, ექიმ შამშე ლეჟავას სახელს უკავშირდება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შოვი ქართველმა ექიმმა – შამშე ლეჟავამ ალპების სამთო კურორტების გამოცდილების საფუძველზე დაარსა. ის 1905-1910 წლებში ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. ავსტრიაში ყოფნის პერიოდში Sommerfrische-ს კონცეფციის განვითარებისა და წარმატების მომსწრე გახდა. კონცეფცია გულისხმობდა ცხელი ზაფხულის პერიოდში ქალაქის დატოვებისა და სამედიცინო-გამაჯანსაღებელი პროცედურების პრაქტიკის პოპულარიზაციას, რამაც ალპურ სოფლებში ახალი ტიპის არქიტექტურის აღმოცენებას და ურბანიზაციას შეუწყო ხელი.

ისტორიული წყაროების თანახმად, ექიმმა შამშე ლეჟავამ 1908 წელს ფეხით იმოგზაურა ჟენევიდან ვენაში და გზად შეისწავლა ალპური კურორტები. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნებულმა, დასავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 1520 მ-ზე, კავკასიონის ძირას იპოვა ადგილი და საფუძველი ჩაუყარა მომავალში ცნობილ კურორტს – შოვს.

პროექტის მენეჯრის თქმით, რაჭაში ავსტრიული არქიტექტურის გავლენის კვლევის შედეგები სექტემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის საელჩოსა და GRETA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ავტორი: ნოდარ ლაფანაშვილი

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *