ტურიზმი, ნაგავსაყრელები, ავტობუსები და გზები-რა მექანიზმებით ცდილობს ამბროლაურის მერია ადგილზე მოსახლეობის შეკავებას

 რა პროექტები ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის ადგილზე დამაგრების კუთხით. “RachaNews”-ის კითხვებს ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ უპასუხა.

*შენიშვნა

რაჭანიუსის კითხვებს, მუნიციპალიტეტის მერმა დისტანციურად უპასუხა, რის გამოც დამატებითი კითხვების დასმის საშუალება არ გვქონია და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მუნიციპალიტეტიდან დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
  •  რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონია, საინტერესოა რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ამბროლაურში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის ადგილზე დამაგრების მიზნით?

2019 წელს, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 514 997 ლარს  შეადგენს და მისი საბოლოოდ დასრულების შემდეგ, ამბროლაურს საშუალება ექნება სპორტულ ტურნირებს უმასპინძლოს. 2018 წელს, სოფელ ჭრელობში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა და რეგიონის მასშტაბით მცირე სპორტული მოედნები აშენდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარეობს ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას,  ტაძრამდე მისასვლელი გზისა და და სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას,  სკვერისა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობას.

წელს, მდინარე კრიხულაზე დაგეგმილია ჯებირების მოწყობა, რეკრეაციული ზონის განვითარება,  ბულვარის განაშენიანება, გასართობი ცენტრებისა და კაფე-ბარების მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქში გამორჩეული და საინტერესო ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე გაჩნდება.

ქალაქ ამბროლაურში, ასევე მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის მოწყობა.

საჯარო ინფორმაცია

დემოგრაფიული სურათის თვალსაჩინოდ წარმოჩენისთვის, სტატისტიკის ეროვნული ბიუროდან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2010-დან 2019 წლამდე მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს. მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით კი რეგიონისგან განსხვავებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ზრდა ფიქსირდება.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, 2014 წლის მონაცმებით ქ. ამბროლაურში რეგისტრირებული იყო 2047 მოქალაქე: 959 მამაკაცი, 1088 ქალი. მთლიანად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი 9139 მოქალქე: 4542 მამაკაცი, 4597 ქალი; სულ-11 186 კაცი.

2017 წელს კი, ამბროლაურის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 13 464 მოქალაქე:  6587 მამაკაცი; 6877 ქალი.

ამავე წყაროს ცნობით, 2018 წლის მონაცმებით რეგისტრირებულია სულ 13 484 ადამიანი ( 6602 მამაკაცი;  ქალი 6882 ). 2014-18 წლებში ამბროლაურის მუუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა 2298 კაცით გაიზარდა.

გზების რეაბილიტაცია

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014-18 წლებში მუნიციპალიტეტში 109 მილიონამდე ლარის 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა გზების, ხიდების, სასმელი წყლების პროექტები. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად გზების პრობლემა კვლავ მთავარი გამოწვევაა ამბროლაურისთვის. რა პროექტებია დაგეგმილი ამ მიმართულებით?

მოგეხსენებათ, რომ რაჭა არის ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონი, შესაბამისად ძალიან რთულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის სრულყოფილად მოწესრიგება, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 18 494 000 ლარია და მისი დასრულების შემდეგ ახალი გზით მუნიციპალიტეტის 8 სოფელი  ისარგებლებს. ასევე დაწყებულია წესი-ურავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარალალურად კი ამბროლაური-კრიხის გზის დარჩენილ ნაწილზე, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ავტობუსები სოფლებში

  • 2018 წელს მერიამ 3 ახალი ავტობუსი შეიძინა, რამდენად საკმარისია სამი ერთეული და იგეგმება თუ არა დამატება? რა პერიოდულობით მოძრაობს ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით და თუ არის რომელიმე სოფელი დარჩენილი ტრანსპორტის გარეშე?

2018 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 სრულიად ახალი ავტობუსი შეიძინა. მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათივე საჭიროებიდან გამომდინარე, შემუშავდა ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი, რომლის შესაბამისად  მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით.

მიმდინარე წელს ახალი ავტობუსების შეძენა აღარ იგეგმება, თუმცა ზაფხულის პერიოდში ავტობუსის მოძრაობის სიხშირე გაიზრდება, რათა გაზრდილს მგზავრთა ნაკადის გადაყვანა შესაბამის დროში განხორციელდეს.

საჯარო ინფორმაცია

უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის სფუძველზე ირკვევა, რომ  ავტობუსები ემსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჭრებალო, თლუღი, ნიკორწმინდა, პატარა ონი, წესი, ცახი, ველევი, ურავი, ბუგეული, ქედისუბანი, სხვავა, ჟოშხა, ჭყვიში, ცახი.

 

ნარჩენების მართვა

  • როგორი სიტუაციაა ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით? თუ არის ნაგვის ურნები განთავსებული ყველა სოფელში და რა პერიოდულობით იცლება ნარჩენებისგან?

გასულ წელს, ყველა სოფელში ნაგვის ახალი კონტეინერები განთავსდა. ნაგვის ურნების ნაწილი მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა, ნაწილი კი საჩუქრად  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოგვცა. სოფლების დიდ ნაწილში გასუფთავდა და დაიხურა თვითნებური ნაგავსაყრელები, რომლებიც საკმაოდ რთულ სურათს ქმნიდა. წელს, დამატებით რამდენიმე ათეული სანაგვე ურნის შეძენას ვფიქრობთ, რაც საჭიროების შესაბამისად გადანაწილდება.

საჯარო ინფორმაცია

საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 404 მეტალის სანაგვე ურნაა განთავსებული. ურნების დაცლა, ზაფხულის პერიოდში  ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქში ორჯერ, სოფლებში კი ერთხელ ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მხოლოდ 1 მოწესრიგებული ნაგავსაყრელი, სადაც ნარჩენები შედის ყოველგვარი დახარისხების გარეშე.

 

 

არ ხორციელდება ნარჩენების დახარისხებული შეგროვება და ორგანული ნარჩენების კომპოსტირება. დასახლებებში უნებართვო ნაგავსაყრელების დიდი ნაწილი განლაგებულია მდინარეების აუზში და ხევებში, რის გამოც ატმოსფერული ნალექის და წყალდიდობის დროს ადგილი აქვს ნარჩენების ჩარეცხვის და მდინარეების დაბინძურების ფაქტებს.

ტურიზმი

  • რამდენად ხდება თქვენი მხარის ტურისტული პოტენციალის განვითარება და რა კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?

ამბროლაურიში ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირდაპირ მიმართულია ტურიზმის განვითარებისკენ. ამის კარგი მაგალითი აეროპორტია, რომელიც უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ტურიზმის განვითრების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

დაწყებულია ზემო-ქვემო სვანეთისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ე.წ. ,,ტურისტულ ცენტრად“ ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუშაობს ,,განაშენიანების რეგულირების გეგმაზე“, რომლის ფარგლებშიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადგილზე  (შაორი, სოფ. ნიკორწმინდა, სოფ წესი, სოფ. ჭრებალო), დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საუბარია ამბროლაურის, როგორც ოთხსეზონიანი კურორტის განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციას და დამსვენებელთა რაოდენობის მკვეთრ გაზრდას.

 

საჯარო ინფორმაცია

ამბროლაურის ტურისტული ცენტრის მიერ ყოველწლიურად გაკეთებული კვლევის მიხდედვით, ამბროლაურში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2013წ. –  689 სტუმარი, 2014 წ. – 699  სტუმარი,  2015 წ. – 1 146 სტუმარი, 2016 წ. – 2 453 სტუმარი, 2017 წ. –  2 882 სტუმარი,  2018 წ. – 16 186 სტუმარი, საიდანაც 12 294 ადგილობრივი იყო და 3 892 საერთაშორისო მოგზაური.

ავტორი: ნოდარ ლაფანაშვილი

 

Author: ნინა ხელაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *